საქართველოში საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება და განისაზღვრა ახალი შეღავათიანი სტატუსი - საერთაშორისო კომპანია. 

საერთაშორისო კომპანიებისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა 2020 წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N 619 დადგენილებით.

შეღავათები ამ ეტაპზე ეხება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ კომპანიებს და აიტი კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ სუბიექტებს. 

ყურადღება გასამახვილებელია იმ ფაქტზე, რომ სტატუსის მინიჭების შემდეგ პირმა ნებადართული საქმიანობების ნაწილში მომსახურება უნდა გაუწიოს პირებს, რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ.  მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება არც საგადასახადო კოდექსში არც მთავრობის დადგენილებაში, ეს ნორმა (ვალდებულება) განსაზღვრულია საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე განცხადებაში არსებული ჩანაწერით.

საგადასახადო შეღავათები:

საქართველოს საწარმო, რომელსაც მიენიჭება საერთაშორსიო კომპანიის სტატუსი ისარგებლებს შემდეგი საგადასახადო შეღავათებით:

  • საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
    ჩვეულებრივ, დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 20% განაკვეთით.

  • საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. ჩვეულებრივ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5% განაკვეთით. 

  • საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება (ე.წ. „ესტონური“ მოდელი). 

    საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა კი მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით.

    ჩვეულებრივ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, მოგების გადასახადის განაკვეთია 15%, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა კი მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფით.

    აქვე გასათვალისწინებელია,რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადის განაკვეთი შეადგენს 15%-ს. 

    სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდიც დაიბეგრება სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად (აღნიშნულ ნაწილში არ გავრცელდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შეღავათი).
     

  • საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯის, ასევე საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯების საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა.

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების თანახმად, მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის ოდენობა, იანგარიშება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობის ხვედრითი წილის პროპორციულად.

    განვიხილოთ მაგალითი:
    საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ 2020 წლის განმავლობაში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 200 000 ლარი. საწარმომ მიღებული წმინდა მოგებიდან  20 000 ლარი, 2021 წლის დეკემბრის თვეში გაანაწილა დამფუძნებელ რეზიდენტ ფიზიკურ პირზე.

    საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირებისთვის გადახდილმა ხელფასის ხარჯმა 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 60 000 ლარი.

    ამასთან, ვინაიდან კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის ხვედრითი წილი 10%-ია (20 000/200 000*100=10%), საწარმო უფლებამოსილია მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეამციროს 6 000 ლარის ოდენობით (60 000*10%=6 000). 

    აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეადგენს 14 000 ლარს.

    სტატუსის მინიჭება

    საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N619 დადგენილების შესაბამისად, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს საწარმოს:

  1. რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N 619 დადგენილებით განსაზღვრული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით; 

  2. რომელიც არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N 619 დადგენილებით განსაზღვრული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით; 

  3. რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N 619 დადგენილებით განსაზღვრული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით.

    საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

    განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − შესაბამისი ნებართვა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

    შემოსავლების სამსახური 10 დღის ვადაში განიხილავს განცხადებას. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება დამაკმაყოფილებელია, განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად, წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ დოკუმენტაციასა და წინადადებას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

    პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 

    საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, პირი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.

გაითვალისწინეთ:

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

  • საწარმო, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, სტატუსის მქონე პირმა საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა. 

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს ასევე უფლება აქვს, მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის თანმდევი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.

სტატუსის გაუქმება:

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი უქმდება, თუ: 

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი შემოსავლების სამსახურში წარადგენს განცხადებას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით - სტატუსი გაუქმებულად ითვლება სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან;

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი განახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობ(ებ)ის გარდა სხვა საქმიანობას, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს - სტატუსი გაუქმებულად ითვლება  საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  გარემოება გამოწვეულია მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს - სტატუსი გაუქმებულად ითვლება  საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  გარემოება გამოწვეულია მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი - სტატუსი გაუქმებულად ითვლება ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების მომენტიდან.

მოქმედი კანონმდებლობა პირს არ ანიჭებს უფლებას ერთდროულად ისარგებლოს საერთაშორისო კომპანიის და ვირტუალური ზონის პირის სტატუსით. აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ თუკი პირს გაუუქმდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, მას შესაძლებელია მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი თუ დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს.

“Financial Experts Corporation”-ის გუნდი მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური დახმარება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების, ასევე ბუღალტრული  მომსახურების, საგადასახადო ვალდებულებების, სწორად და დროულად შესრულების კუთხით.

 

წინამდებარე დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის და ეფუძნება 2022 წლის 23 თებერვალს მოქმედ საკანონმდებლო აქტებს. კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართეთ: 

ელ. ფოსტა:  info@fec.ge

ტელეფონი: +995 422 22 77 11 

 www.fec.ge