ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021 წლის დეკლარაციის წარდგენა გევალებათ ორ შემთხვევაში:

  • თუ თქვენი ოჯახის მიერ 2020 წლის (წინა კალენდარული წლის) განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს და საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას;
  • 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში/სარგებლობაში გაქვთ მიწის ნაკვეთი, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა.

ოჯახის წევრად ითვლება პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავალში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

  • დარიცხული ხელფასი - ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით;
  • ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;
  • ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
  • სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;
  • დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;
  • ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

გასათვალისწინებელი, რომ საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავლებში არ შეიტანება:

  • ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
  • ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
  • იძულებით გადაადგილებული პირებისთვის - დევნილებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული         პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;
  • მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
  • დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.

 

დასაბეგრ ქონებაში იგულისხმება:

  • ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები (სეს ესნ კოდი 8703);
  • არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;
  • ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება;
  • გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონება, რომელსაც ფლობს ან სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დასაბეგრი მიწა არის:

  • ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწა;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
  • გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს/სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მონაცემები შეიტანება:

  1. დასაბეგრი ქონების შესახებ - გასული 2020 საგადასახადო წლის მიხედვით, ქონების საბაზრო ღირებულებით, რომელსაც განსაზღვრავს ფიზიკური პირი მ.შ. ქონების შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე;

გაითვალისიწინეთ!!! დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

  1. დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მიწის ფართობის მიხედვით. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მიეთითება კვ.მ.-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - ჰექტრებში (1ჰა=10000 კვ.მ.).

 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბრისა.

დეკლარაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდიდან WWW.RS.GE ავტორიზებული მომხმარებლის მიერ.

ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბრისა.

დასაბეგრ ქონებაზე განაკვეთები დიფერენცირებულია ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, განაკვეთების განსაზღვრა ხდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ სსკ-ის 202-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთების ფარგლებში. დასაბეგრ მიწაზეც ქონების გადასახადის განაკვეთი განიზაღვრება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ, საბაზისო განაკვეთები კი განსაზღვრულია სსკ-ის 204-ე მუხლით.

გაითვალისიწინეთ!!!

ზემოთ აღნიშნული განაკვეთები ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით ჩატვირთულია შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდზე, დეკლარირების პლატფორმაზე და ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის მითითებისას ავტომატურად ფიქსირდება პროგრამის მიერ.

გაითვალისიწინეთ!!!

თუ ოჯახის ორ ან მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება/მიწა, ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია წარადგინოს ქონების გადასახადის საოჯახო დეკლარაცია, სადაც მიეთითება ოჯახის ყველა წევრი და მათ სახელზე არსებული დასაბეგრი ქონება/მიწა.

გაითვალისიწინეთ!!!

თუ ფიზიკური პირი 2020 წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, ხოლო მიმდინარე 2021 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მას არ წარმოეშვება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურს აცნობებს არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან.

გაითვალისიწინეთ!!!

თუ 2020 წლის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და თუკი არ იცვლება დეკლარირებული მონაცემი, ფიზიკურ პირს უფლება აქვს არ წარადგინოს დეკლარაცია, 2020 წლის მონაცემების მიხედვით შემოსავლების სამსახური პროგრამულად განახორციელებს ქონების გადასახადის დარიცხვას.

„Financial Experts Corporation”-ის გუნდი მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური დახმარება, კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართეთ:

ელ. ფოსტა:  info@fec.ge

ტელეფონი: +995 422 22 77 11